ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლებაში, N26-27 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, სპორტული და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევანი და განთავსდა საპარკო ავეჯი.
ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი სივრცეები თბილისის ყველა უბანში უნდა არსებობდეს.
„სანზონის დასახლებაში ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, დღეს კი ის ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებულია. ძალიან სასიამოვნო გარემოა. ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია და პირველ რიგში, აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შეიქმნა გარემო, სადაც შეუძლიათ დასვენება და განტვირთვა. ტერიტორიაზე განთავსებულია სავარჯიშო სივრცე, ბავშვებისთვის ატრაქციონები და საფეხმავლო ბილიკები. მოეწყო განათებისა და სარწყავი სისტემები, დაირგო ხე-მცენარეები. ძალიან მიხარია, რომ ნაძალადევის რაიონში ამ ტიპის პროექტი განხორციელდა. ჩვენ განვაგრძობთ რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას მთელი ქალაქის მასშტაბით, რადგან მსგავსი სივრცეები ყველა უბანში უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყო მაგიდის ჩოგბურთის სივრცეც და ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 9 525 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 326 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი.
სამუშაოების ღირებულებამ 1 454 115 ლარი შეადგინა.