1753353596
რაჟდენ კუპრაშვილი: ცვლილებებით საჯარო სექტორში, მათ შორის თვითმმართველობებში, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. რაც ყველაზე მთავარია, ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები აღმოიფხვრება

დღეს ჩვენ შეხვედრას ვმართავთ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ჩვენ გვექნება საუბარი ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, - განუცხადა ჟურნალისტებს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი ექნებათ ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან, ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა.
„მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობის პირობებში, დეცენტრალიზაციის პირობებში ანტიკორუფციული პოლიტიკა განხორციელდეს იმ ფორმით, რომ მაქსიმალურად ჩართული იყვნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები აღნიშნულ რეფორმებში.
მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაციის პირობებში კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებლობა შევძინოთ იმ რეფორმებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში. ასე, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, იმ რეგულაციებს, რომლებიც სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ამ სამუშაო პროცესში მაქსიმალური ჩართულობით უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით თვითმმართველობის წარმომადგენლებს“, - აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, ცვლილებებით საჯარო სექტორში, მათ შორის თვითმმართველობებში, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება.
„რაც ყველაზე მთავარია, ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები აღმოიფხვრება. საერთოდ აიკრძალება რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირმა იმუშაოს რამდენიმე საჯარო სექტორში. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის. შესაბამისად, ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწესა“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.