მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
„ნაცების“ საკონსტიტუციო სარჩელი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე დიდი პოლიტიკური ანეკდოტი, ვინაიდან ეს პარტია, მოძალადეთა ჯგუფი, მთელი თავისი არსებობის მანძილზე ებრძოდა საქართველოს კონსტიტუციას, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას.
იონათამიშვილმა ისაუბრა, რა პერსპექტივა აქვს აღნიშნული დავის დაწყებას. მისივე თქმით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი გემოვნებით, კვირაში ერთხელ ცვლიდა კონსტიტუციას. ახლა კი საკონსტიტუციო მართლმსაჯულება გაახსენდათ.
„ბატონი ბეჟაშვილი უფრო გულწრფელი იქნებოდა, თუ იტყოდა, რომ უცხოელი პატრონების დავალების საფუძველზე მიმართავდნენ საკინსტიტუციო სასამართლოს. აქაც ჩვენ ვნახეთ, რომ ფაქტობრივად, სარჩელზე არ უსაუბრია და მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებას ჰქონდა ადგილი. თავის მართლება იმიტომ დასჭირდა, რომ სინამდვილეში, ისინი არაგულწრფელი ადამიანები არიან. როდესაც არ ხარ გულწრფელი, რა თქმა უნდა, შენი ქმედებებით შენს თავთან წინააღმდეგობაში გამოდიხარ.
არასდროს გამოიწვევს საზოგადოების ნდობას, თუ ერთ დღეს გამოხვალ და იტყვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს და მეორე დღეს გამოხვალ და საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მივმართო - ან ერთ შემთხვევაში იტყუება, ან მეორე შემთხვევაში. სხვანაირად არ შეიძლება. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აგენტურის ძალიან სავალალო ბედზე, აი, ეს სახეები წარმოადგენენ სწორედ სავალალო შედეგებს, რომ მათ არ გააჩნიათ პრინციპები, ღირებულებები და რასაც ჩასძახებენ უცხოელი პატრონები ყოველთვის მზად არიან, ის ამოსძახონ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით და იურისტების რჩევით იწყებს.