რატი იონათამიშვილი „მეგობარ აქტზე“: საბოლოო ჯამში საქართველოს დასმენის აქტი მათ დაამთავრეს იმით, რომ თვითონვე აღიარეს, რომ „მეგობარ აქტს“, რომელიც საქართველოსადმი მტრული აქტია სინამდვილეში, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ის ჩავარდა

რატი იონათამიშვილი

ძალიან მძიმე დღეები ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მტრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ქვეყნის შიგნით გატარებული ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დონის საქმეები და ასევე ვნახეთ ქვეყნის გარეთ სრული კრახი იმ „დიფ სთეითის“ აგენტურის, რომლებიც შეკრებილი იყვნენ ვაშინგტონში და საქართველოს დასმენას ცდილობდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ე.წ. „მეგობარ აქტზე“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

„საბოლოო ჯამში საქართველოს დასმენის აქტი მათ დაამთავრეს იმით, რომ თვითონვე აღიარეს, რომ „მეგობარ აქტს“, რომელიც საქართველოსადმი მტრული აქტია სინამდვილეში, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ის ჩავარდა. კონკრეტულად თქვეს ზუსტად იმ ადამიანებმა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ამ „დიფ სთეითის“ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ. იქ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა ცალკე შეფასდება ჩვენი საზოგადოების და ისტორიის მხრიდან, როგორც ღალატი ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.

ამ აქტის ჩავარდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ გადატვირთვის პოლიტიკას წინ საბოლოო ჯამში არაფერი აღუდგება და ხელს ვერაფერი შეუშლის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადატვირთვა თანაბრად სჭირდება, როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.