1749237219
რატი იონათამიშვილი: მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ახალი ელჩი, რომელიც წარმოადგენს ამერიკელ ხალხს ჩვენს ქვეყანაში, იმოქმედებს იმ საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც რეალურად არსებობს

წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ ელჩს, უბრალოდ მას ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიტიური წვლილი შეეტანა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების გადატვირთვასა და გაძლიერებაში. დასანანია, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს შესაძლებლობა არათუ ვერ გამოიყენა, არამედ, ხშირ შემთხვევაში პირიქით, უფრო მეტი პრობლემა გროვდებოდა სხვადასხვა მიმართულებით, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის გადაწყვეტილებას პენსიაზე გასვლის შესახებ. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„რასაკვირველია, მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ახალი ელჩი, რომელიც წარმოადგენს ამერიკელ ხალხს ჩვენს ქვეყანაში, იმოქმედებს იმ საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც რეალურად არსებობს. ეს არის, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა დღეს და, ვფიქრობ, რომ პარტნიორობა საქართველოსთან ნიშნავს მეტ სტაბილურობასა და კეთილდღეობას არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ ზოგადად ბევრ შესაძლებლობას იძლევა. დარწმუნებული ვარ, ურთიერთობების გადატვირთვა იქნება უზრუნველყოფილი“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.