1757585059
რატი იონათამიშვილი GORBI-ს კვლევაზე: გაზრდილი ნდობა არის სიგნალი, რომ მოსახლეობა აფასებს „ქართული ოცნების“, როგორც ეროვნული პოლიტიკური გუნდის მუშაობას, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ კეთილდღეობა, მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შეუქცევადი

ნდობის ეს ხარისხი დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბრისთვის კიდევ უფრო გაზრდილი იქნება, - ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი GORBI-ს კვლევების შედეგებს.
მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ნდობა კიდევ უფრო გაიზრდება 4 ოქტომბრამდე.
„საზოგადოების გაზრდილი ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ არის ზუსტი სიგნალი, რომ ჩვენი ხალხი, მოსახლეობა აფასებს „ქართული ოცნების“, როგორც ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდის მუშაობას, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ კეთილდღეობა, მშვიდობა და სტაბილურობა იყოს შეუქცევადი და სწორედ ამით არის განპირობებული თუნდაც ბოლო ორ თვეში, შთამბეჭდავად არის გაზრდილი ნდობა. ნდობის ეს ხარისხი დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბრისთვის კიდევ უფრო გაზრდილი იქნება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
GORBI-ს ახალი კვლევის წინა შედეგებთან შედარებით „ქართული ოცნების“ პარტიული რეიტინგი საგრძნობლად გაზრდილია, კლება შეინიშნება ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ რეიტინგში, გაზრდილია „გირჩის“ რეიტინგიც 3.2%-დან 5.1%-მდე.
ასევე, გაზრდილია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა წინა, 22 ივნისი 5 ივლისის პერიოდის კვლევასთან შედარებით.
GORBI-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 65,9% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10,7% მხარს უჭერს „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“ - 10,4%, „გირჩი“ - 5,1 %.