,,რადიკალური ოპოზიცია დამოკიდებულია იმ დავალებებზე, რომელიც მოდის უცხოეთიდან - ახლა მათ სჭირდებათ "გაპრავება", თუ რატომ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას" - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ვინ გაითვალისწინებს ბრიუსელის მითითებას და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში? ევროპელი დეპუტატების მოწოდება ქართული ოპოზიციისთვის დაპირისპირების გამწვავების მორიგი მიზეზი გახდა. "ლელო" და გახარიას გუნდი თვლის, რომ შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. განსხვავებულია კიდევ ორი პარტიის მოსაზრება.

მმართველ გუნდში კი ევროპარლამენტარების გუშინდელ მოწოდებას ევრობიუროკრატების მხრიდან მორიგ მცდელობად აფასებენ, რათა საქართველოს გარედან მართული ხელისუფლება ჰყავდეს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშში, პირდაპირ მითითებულია, რომ ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ 4 ოქტომბერი, როგორც შესაძლებლობა, ისე უნდა გამოიყენოს.

"ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად დამოკიდებული არის იმ დავალებებზე, რომელიც მოდის უცხოეთიდან - ესეც ერთ-ერთი ლუსტრირება არის ამ ყველაფრის და ახლა მათ სჭირდებათ, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, "გაპრავება" თავიანთი ამომრჩევლის წინაშე თუ რატომ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას და მაშველ რგოლად, რა თქმა უნდა, მათ გარე უფროსები მოევლინნენ, ვინაიდან ახლა მათ გადააბარებენ, რომ ევროპა მოგვიწოდებს და სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია“, - აცხადებს  პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.