1750402427
ქართულ საზოგადოებას შეუძლია იხილოს, რეალურად რა არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი - დღეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისია 2009-2011 წლებში აქციების დარბევის ფაქტებს განიხილავს

დღეს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 2009 წლის 15 ივნისს, თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი მოვლენების განხილვას განაგრძობენ. ამავე დროს, საუბარი შეეხება 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებსაც. გამოკითხვაზე დაბარებულია სამი პირი - მიხეილ მესხი, გიორგი ჩითარიშვილი და მალხაზ თოფურია. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში, ტრადიციულად, დილის 10 საათიდან დაიწყება.
"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი: "მორიგ სხდომაზე გვექნება [თემა] 2009-2011 წლებში აქციის დარბევის დროს, თუ რა არაადამიანური სისასტიკე გამოიჩინეს, მათ შორის, არამხოლოდ იმ სპეცრაზმელებმა, რომლებსაც, როგორც ჩანს, სპეციალურად წვრთნიდნენ, არამედ როგორც მოქალაქეები ასახელებდნენ, მათ ჰყავდათ არა პოლიციელები, არამედ ე.წ. ზონდერ ჯგუფები".
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია: "ისინი ისაუბრებენ, თუ რა გზებით ხდებოდა მაშინ აქციების დაშლა, როგორ იზღუდებოდა გამოხატვის თავისუფლება. ქართულ საზოგადოებას შეუძლია იხილოს, თუ რეალურად რა არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი და როგორ ხდებოდა ნებისმიერი თავისუფალი აზრის ჩახშობა. დღეს კი ვხედავთ, აქციებზე როდესაც ქუჩის გადაკეტვა ხდება და ამაში პოლიცია მათ უშლის ხელს, ვინაიდან სხვა მოქალაქეების კეთილდღეობას არ მიადგეს ზიანი, ამას აფასებენ ანტიდემოკრატიულად. ეს არის სწორედ ის ორმაგის სტანდარტი".