პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბათუმში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებული სიკვდილს გადაურჩა.

მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, შემთხვევის ადგილი დატოვა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 28 ივნისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.