პრემიერი: ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარიას პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს, აქამდე მიიყვანა პატრონების კარნახმა ეს პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის და ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისთვის

პრემიერი

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა საბოლოო ჯამში ერთი წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნების და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაცია.

„ეს ყველაფერი მეტყველებს ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე. ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარი ის არის, რომ რეალურად ამით ვერანაირად ვერ ცვლიან ოპოზიციისთვის სასარგებლოდ ვითარებას. ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს. ვერც ვერაფერს დააკლებს, ვერც ვერაფერს შემატებს და ვერც თავისთვის ვერაფერს შემატებს ეს გადაწყვეტილება ამ პარტიას. აქამდე მიიყვანა საბოლოო ჯამში პატრონების კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები, რაც ძალიან სამწუხაროა მათთვის და ძალიან კარგია ქართული დემოკრატიისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა უმრავლესობა შექმნეს ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და ამბობდნენ, რომ კოალიციაში არ ვართ „ნაცმოძრაობასთანო“, ასეთივე აბსურდში არიან.

„პარლამენტის წევრები გახდნენ და რანაირად, აბა რისი წევრები არიან. თუ არიან პარლამენტის წევრები, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური. უსუსურად თავი იმართლო რაღაცებზე ოპოზიციის წინაშე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს მათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.