პრემიერი: უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან ფასების შემცირებისთვის, უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს

ირაკლი კობახიძე

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე.

„ჩვენ დავიანგარიშეთ როგორია ფასნამატი, სად წარმოიქმნება ეს ფასნამატი. ჯამური ფასნამატი არის 86 პროცენტი საქართველოს საზღვრიდან დახლამდე. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უნდა ვიმუშაოთ უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ფასების შემცირებას. უფრო ჩავუღრმავდებით ამ საკითხს და ამის საფუძველზე საზოგადოებას გავაცნობთ კონკრეტულ შედეგებს. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცველ სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ფასების შემცირებას იმ პროცესების საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.