პრემიერი: მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში დადგენილია მედია სტანდარტები, უბრალოდ არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი და პარლამენტმა ეს გაწერა. ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერ შეფასდება ცენზურად

 ირაკლი კობახიძე

მრავალი წელია, ჩვენს კანონმდებლობაში არის დადგენილი სტანდარტები და არ არსებობდა ამ სტანდარტების აღსრულების მექანიზმი, ის რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, რა შუაშია აქ ცენზურა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული სტანდარტები საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმი, რაც, რამდენიმე თვის წინ, პარლამენტმა გაწერა და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი.

„რა შუაშია აქ ცენზურა? ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. იმისათვის, რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა, დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენს საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და კონკრეტულად ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას და კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს, ცენზურაზე საუბრის ნაცვლად, შეუძლიათ, მიმართონ შესაბამის ორგანოებს, თუ ფიქრობენ, რომ კონკრეტული ტელევიზიები გარკვეული გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამით ისინი წვლილს შეიტანენ შესაბამისი კულტურის განვითარებაში.

„კანონი თანაბრად ეხება ყველა მედიასაშუალებას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს მიიღებს. მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გამოიყენება, მაგალითად, ტერმინები, როგორიცაა - „რადიკალური ოპოზიცია“, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. როდესაც პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი აქვს, ბუნებრივია. სხვა პარტიებსაც შეუძლიათ, მიმართონ და ეს ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისაუბრონ ცენზურაზე, რაც ჩვეულებრივი ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის განვითარებაში - თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.