1692302192
პრემიერი: გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო შევიდეს მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა - ქვეყნდება მთავრობის ყველა აქტი, ხელმისაწვდომია საჯარო მოხელეთა დეკლარაციები

გვაქვს ამბიციური მიზანი - შევიდეთ მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი დამოკიდებულია ამ ნების აღსრულებაზე, ყველა პირობა გვაქვს, რომ ეს შედეგი მივიღოთ ახლო მომავალში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა აღნიშნული მიმართულებით.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა მმართველობის სისტემის შემდგომი დახვეწა. შარშან, მე განვაცხადე, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება კორუფციის მაქსიმალურად შემცირება ქვეყანაში. გვაქვს მაღალი მონაცემები საერთაშორისო რეიტინგებში, ვუსწრებთ ევროკავშირის 7-8 ქვეყანას კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, თუმცა, არ შეიძლება ამით დავკმაყოფილდეთ. გვაქვს ამბიციური მიზანი - შევიდეთ მსოფლიო სამეულში კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. პოლიტიკური ნება არსებობს, დანარჩენი დამოკიდებულია ამ ნების აღსრულებაზე. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ეს შედეგი მივიღოთ ახლო მომავალში. ამისათვის საქართველოს მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა გასული წლის განმავლობაში და მიმდინარე წელს - როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყველა აქტის გასაჯაროებას, ყველაფერი დევს ხელის გულზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაეცნოს მთავრობის აქტებს, ყველაფერი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. დღემდე ეძიებიან მთავრობის აქტებს, თუმცა მათთვის საინტერესო ვერაფერი ნახეს კრიტიკის მოსურნეებმა, ვინაიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ და პრინციპების შესაბამისად, ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ასევე, კითხვები დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იყო გასაჯაროებული საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები. დავინტერესდი, ჩავერიე და მეორე დღესვე ყველა დეკლარაცია გაიხსნა. აქაც ეძიებენ გარკვეულ საკითხებს, თუმცა წარუმატებლად, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენ უარი ვთქვით უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკაზე. თავისთავად, ეს პრაქტიკა შეიცავს რისკებს, მათ შორის, კორუფციის რისკებს, აქედან გამომდინარე, მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის რესურსის პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა დასრულდა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი,“- განაცხადა პრემიერმა.