პოლიცია ითმენს იმაზე მეტს, ვიდრე ასეთ ქმედებებს მოითმენდნენ ევროპის ან ამერიკის ქალაქებში - დავით მათიკაშვილი

მათიკაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც მანიფესტაცია სცდება ზღვარს და ის გადადის შეურაცხყოფასა და ქვების სროლაზე, პოლიციის მხრიდან ამას ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

მისი თქმით, ცალკეული შემთხვევის გარდა, არ ყოფილა არცერთი გადაცდომა სამართალდამცავების მხრიდან.

"საქართველოს პოლიცია მოქმედებს ფილიგრანული სიზუსტით. სამართალდამცავი ორგანოები იცავენ კანონს. 1-2 სამწუხარო შემთხვევის გარდა, რომელსაც წინა დღეებში ჰქონდა ფაქტი, არ ყოფილა არცერთი გადაცდომის შემთხვევა. პირიქით, პოლიცია ითმენს იმაზე მეტს, ვიდრე ასეთ ქმედებებს მოითმენდნენ ევროპის ან ამერიკის ქალაქებში, როდესაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ რა დოზის ძალადობასა და რეაქციას იწვევს იქაური სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავსი ქმედებები, რაც თბილისში ხდებოდა. ამიტომ, როგორც კი შეკრება და მანიფესტაცია სცდება ზღვარს, როცა ის გადადის შეურაცხყოფაზე, გადადის ქვების სროლაზე, კამერები დამტვრევაზე, როდესაც გადადის ეს ყველაფერი პარლამენტის შენობის კარის შტურმზე, ცხადია, რომ პოლიცია ადეკვატური იქნება," - ამბობს დავით მათიკაშვილი.