პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში, 22 ათასი პატიმარი ჩაბარდა წარსულს, როდესაც გადავსებული იყო ციხეები და როდესაც პატიმრების სისტემურ წამებას ჰქონდა ადგილი - ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში, 22 ათასი პატიმარი ჩაბარდა წარსულს, როდესაც გადავსებული იყო ციხეები და როდესაც პატიმრების სისტემურ წამებას ჰქონდა ადგილი,-ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომაზე „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას კითხვას, ხომ არ იგეგმება პატიმართა ამნისტია.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განმარტა, ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება კომპლექსური მომზადება. მისივე თქმით, დღემდე გამოდის გადაწყვეტილებები სტრასბურგში, რომ წამება იყო სისტემური ხასიათის „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს და ეს მოცემულობა აღმოფხვრილია.

„ეს ჩაბარდა ისტორიას და წარსულს. „პენიტენციური კოდექსი“, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაქსიმალურად უზრუნველყოფს პატიმართა უფლებების დაცვას და კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

ამ ეტაპზე რომ რაიმე დაინიცირებული არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით, იცით. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც სჭირდება სერიოზული მომზადება, სერიოზული დამუშავება და ისე განხილვა. ეს იქნება ჩემი პასუხი ამ საკითხზე“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა იაგო ხვიჩიას.