დაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ქუთაისში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
1749754907
უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა პატიმრების უფლებების დარღვევას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რაც მათთვისაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და ერთგვარი სიურპრიზიც კი იყო, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
იუსტიციის მინისტრმა უნგრულ-ქართული მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა.
მინისტრის თქმით, კოლეგას ესაუბრა იმ წარმატებების შესახებ, რაც ქართულმა პენიტენციურმა სისტემამ განიცადა ბოლო წლებში, თუმცა გაუმჯობესებისათვის ჯერ კიდევ არის ბევრი ადგილი და, აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უნგრული გამოცდილება ამ მიმართულებით.
„ჩვენი შეხვედრა შეეხო თანამშრომლობას პენიტენციურ სისტემაში გამოცდილების ურთიერთგაცვლის თაობაზე. საუბარი ეხებოდა მათი გამოცდილების გაზიარებას. ასევე, მე მივიღე მიპატიჟება ბატონი მინისტრისაგან, რომ უკვე დეტალურად ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და წარმატებებზე, რაც დღეს არის უნგრეთში ამ მიმართულებით და, ასევე, მე ის მოვიწვიე საქართველოში, რათა გავაცნო ის მიღწევები, რაც ბოლო დროს გვაქვს“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება.