პაატა სალია "საფარის" მიერ არქივის განადგურებაზე: "როდესაც არქივს ანადგურებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.ი. რაღაც უკანონო, არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი"

პაატა სალია

"როდესაც არქივს ანადგურებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.ი. რაღაც უკანონო, არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის დაფარვის მცდელობაა ჩემი აზრით", - ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია "საფარის" მიერ არქივის უდიდესი ნაწილის განადგურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

პაატა სალია სვამს კითხვას - თუ გამჭვირვალობა მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის, რატომ არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის.

"ის, რაც მთელს მსოფლიოში ყველასთვის მისაღებია - გამჭვირვალობა, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, ის, რაზეც დღეს თუნდაც ევროპარლამენტი, ევროკავშირი საუბრობს, რომ შესწავლილი უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ფინანსები გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს არის აპრიორი, ყველამ ვიცით, რომ ეს არის დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი: გამჭვირვალობა, ფინანსების გამჭვირვალობა და ა.შ.

თუ ეს მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის, რატომ არ უნდა იყოს მისაღები საქართველოსთვის. მათ შორის, გარედან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორისთვის", - აღნიშნა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ "საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა "სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს".