სეტყვა, ქარი და შტორმი - გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ
1756842162
ისტორიული დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც ასეთი მასშტაბით და ასეთი სისტემატიზებული თავმოყრილი ფორმით პირველად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ბოროტებას, მავნებლობას, დანაშაულებს და რაც მთავარია ამზადებს საფუძველს, რომ შემდგომი განვითარება მიეცეს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე - სპიკერი ნინო წილოსანი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც დღეს თეა წულუკიანმა პარლამენტს წარუდგინა.
როგორც „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ნინო წილოსანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დანაშაულებრივი რეჟიმი და პოლიტიკური შეფასების გარდა მნიშვნელოვანია, რომ ეს გამყარებული იყოს სამართლებრივი მტკიცებულებებით.
„ამ დოკუმენტს, რომ ჩავუღრმავდეთ, რამდენიმე თვიანი მძიმე პროცესი გაიარა საგამოძიებო კომისიამ, მოისმინა არაერთი დაზარალებულის ოჯახის წევრი და თავად დაზარალებულები. ამ დოკუმენტში, რასაც ყველაზე ხშირად შევხვდებით ეს არის სიტყვები: სისტემური წამება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, ბიზნესის რეკეტი, სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვა, მედიათავისუფლების უგულებელყოფა და ყველა ის დანაშაულში გადასული მავნებლობა, მე როგორც პოლიტიკოსი ვაკეთებ შეფასებას, რომ ეს დანაშაულია და იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო სტრუქტურები ნახავენ შესაძლებლობას, რომ უკვე მტკიცებით ფორმატში ვთქვათ ეს ყველაფერი.
ამ დოკუმენტმა შექმნა საფუძველი, რომ მომავალმა თაობამ თუნდაც უახლოესი ისტორიის სწავლისას ისწავლოს ჩვენი ქვეყნის ეს პერიოდი და იცოდეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, როგორ არ უნდა მოუშვან ხელისუფლებაში ის მავნებლები, ვინც ამ პერიოდის მანძილზე და დღემდე ეძალება ქართველ ხალხს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ მოვლენებს მიეცეს პოლიტიკური შეფასება და ეს დოკუმენტი, რომელიც საგამოძიებო კომისიამ მოამზადა ამის შესაძლებლობას იძლევა.
ნინო წილოსანის განცხადებით, კომისიის სტუმრების მოსმენისას ყველა დარწმუნდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
„წარმოუდგენელი არის, რომ ვინმეს რჩებოდეს ეჭვი, რომ 2008 წლის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. რა თქმა უნდა შეიძლებოდა და ჩვენ ამ მოსმენების შედეგადაც დავინახეთ, რომ პროცესს მართავდნენ სრულიად არაკომპეტენტური, გამოუცდელი ადამიანები. მართავდნენ უგუნურად და ეს ყველაზე მინიმალური დანაშაულია, შეიძლება ითქვას, რომ უგუნურობით მოუვიდათ ეს ყველაფერი. მაგრამ უფრო მეტიც, იყო თუ არა აქ რაიმე განზრახვა, რომ ეს საკუთარი ინტერესებისთვის ყოფილიყო გამოყენებული, ჩაერთო თუ არა და შევიდა თუ არა ამ პროვოკაციაში საქართველოს ხელისუფალი და აქ არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი არც ერთ ჯარისკაცზე, არც ერთ იქ მებრძოლ ადამიანზე, არავითარ შემთხვევაში არ არის საუბარი თავად სახელმწიფოზე. ჩვენ მოგებული გვაქვს უმნიშვნელოვანესი პროცესები სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით და დადანაშაულებული არის რუსეთი, როგორც ოკუპანტი და ამ ომში ინიციატორი და პირველი დამწყები მხარე. მაგრამ აქ ისმის კითხვა - შეიძლებოდა თუ არა აგვერიდებინა ეს პროვოკაცია, არ შევყოლოდით ამ პროვოკაციას და ის მსხვერპლი და ის დანაკარგი არ გვქონოდა?! “, - განაცხადა ნინო წილოსანმა.