ნინო წილოსანი: გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და საქართველოს მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს

ნინო წილოსანი

გიორგი გახარია იმდენად უტიფარია, რომ შეუძლია, სხვა ქვეყნის ბინადარი იყოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხმებს სთხოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ეს გახარიას და მის პოლიტიკურ ჯგუფს კარგად აღწერს.

„მათი მხრიდან სიების არჩახსნა და ფარული სურვილი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღონ, შესაძლოა, ლოგიკურიც ყოფილიყო, რადგან საპარლამენტო არჩევნები წესების დაცვით ჩატარდა და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც აპირებს, პოლიტიკაში დარჩეს, საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა მონაწილეობდეს. იმ ზეწოლას ვერ გაუძლეს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში არსებობდა და ერთმანეთის წამხედურობით პარლამენტში შემოსვლა ვერცერთმა ვერ გაბედა. პროცესები ისე ვითარდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შემოსვლა საკმაოდ ბუნებრივად მოხდება“, – განაცხადა წილოსანმა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო, რომელიც მოიცავს მუშაობის უფლებას. ამასთან, გახარიამ საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა.