ნიკოლოზ სამხარაძემ ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა

ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პნომპენში, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების (ასეან) საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს.

ასამბლეის აღნიშნული სხდომა მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.

„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია არის ისტორიულად, კულტურულად და ეთნიკურად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანი რეგიონი მსოფლიოში, ამიტომ მისი ჩართვა გლობალური საკითხების მოგვარების პროცესში უდიდესი მნიშვნელობისა და აქტუალურობის მქონეა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობის დასამყარებლად საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას.

„ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ ტენდენციებს, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა კრიზისის მოგვარების საბაბით მიმართავს უხეშ ძალას, რაც რეალურად კიდევ უფრო ამძაფრებს კონფლიქტებსა და საერთაშორისო კრიზისებს. შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობის ზრდა, რასაც ემატება მაღალი რანგის პოლიტიკოსების შემაშფოთებელი, საომარი რიტორიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. საქართველო მზად არის შეიტანოს საკუთარი წვლილი სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველო 2023 წლიდან არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელი წევრი და რეგულარულად მონაწილეობს მისი ეგიდით გამართულ ღონისძიებებში.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.