„ნაცმოძრაობას“ რომ პლატფორმები შველოდეს, აქამდე რამდენიმე პლატფორმა აქვთ შექმნილი, მათი პოლიტიკური პროცესი დასრულებულია - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობას“ რომ პლატფორმები შველოდეს, აქამდე რამდენიმე პლატფორმა აქვთ შექმნილი, მათი  პოლიტიკური პროცესი დასრულებულია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილზე, სადაც ის აღნიშნავს: „უნდა შეიქმნას ონლაინპლატფორმა, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქე ითხოვს რეჟიმის ცვლილებას, ქვეყნის დაბრუნებას ევროპისკენ. პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა“.

„არაფერი აღარ უშველით არც გახარიას და არც ხაზარაძე-ჯაფარიძეს, რადგან მათი პოლიტიკური წონა ნულოვანია მათივე მხარდამჭერებშიც კი, რადგან მხარდაჭერებმა მანდატი მისცეს და პარლამენტიდან გამოვარდნენ. ახლა მიზეზებს იგონებენ, რომ როგორმე თავისი პოლიტიკური მარცხი გაამართლონ. თვითმმართველობის არჩევნების ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს, როგორც 2024 წელს მოხდა. პლატფორმების შექმნა რომ „ნაცმოძრაობას“ შველოდეს, აქამდე რამდენიმე პლატფორმა აქვთ შექმნილი. ხან ერთიანი პლატფორმა იყო, ხან – ოთხი. ხან ზურაბიშვილი გახადეს პრეზიდენტი, ხან გეგმა იყო თავად ხაზარაძე და ასე შემდეგ. პლატფორმები აღარ უშველით, რადგან მათი პოლიტიკური პროცესი დასრულებულია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.