ნატოს სამეკავშირეო ოფისი: უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია

ნატო

 უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, - წერია ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წარმომადგენლობაში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ მისიებსა და ერთობლივ წვრთნაში, რითაც ადასტურებს მზადყოფნას, რომ წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში. საუბარია პროგრამებზე, რომლითაც საქართველო განაგრძობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაახლოებას ნატოს სტანდარტებთან.

„დადასტურებულია ნატოს მხარდაჭერა ბუქარესტის 2008 წლის სამიტსა და შემდგომ სამიტებზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას“, - წერია განცხადებაში.