მთავარი იყო ამ ადამიანის იზოლაცია, ტყვედ აყვანა და ამ მიზანს, სამწუხაროდ, დროებით, მიაღწია ხელისუფლებამ - პაატა მანჯგალაძე უჩა აბაშიძეზე

პაატა მანჯგალაძე

ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანის იზოლაცია იყო.

"მთავარი იყო ამ ადამიანის იზოლაცია, ტყვედ აყვანა და ამ მიზანს, სამწუხაროდ, დროებით, მიაღწია ხელისუფლებამ. მაგრამ, არც უჩას და არცერთ ადამიანს, ვინც სცემეს უკვე, ან მომავალში სიაში ჰყავს შეყვანილი "ქართულ ოცნებას", არ გვეშინია არც დარბევის, არც ტელეფონზე დარეკვის, არც სახლთან დახვედრის," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა. მას ორი მუხლით ედავებიან - ეს არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის კომპიუტერული მონაცემის ხელყოფა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის დროს, ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.