მოთმინებით ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობით ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე - გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 29 აპრილს გამართულ სახალხო შეკრებაზეც გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ისაუბრა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დღეს რუსთაველის გამზირზე ვდგავარ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორც ერთი თავისუფალი, ამაყი საქართველოს მოქალაქე. აქ ასეთი ასობით ათასი ადამიანია შეკრებილი.

ვინც, ამ კანონს - გამჭვირვალობას, თავისუფლებას, ღირსებას, ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეძახის რუსულს, არიან ადამიანები, რომლებმაც პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის 20% ჩააბარეს ოკუპანტ ქვეყანას. მათ ქართული ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ფაქტობრივად გადასცეს რუსეთს.

დღეს ვხედავთ, რაც გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად - ჩვენ ისე დავუახლოვდით ევროპას როგორც არასდროს. მსგავსი არც ერთ ხელისუფლებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, არ გაუკეთებია.

შესაბამისად, ახალგაზრდებს მინდა, მივმართო - მეგობრებო, შეხედეთ ისტორიას შეხედეთ ფაქტებს, შეხედეთ ჩვენს გაკეთებულ საქმეებს და შეხედეთ იმ მომავალს, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ. არაფერი ამ კანონში არ წერია ისეთი, რაც ოდნავადაც კი  დააზიანებს ევროპულ ღირებულებებს, დააზიანებს დემოკრატიულ ღირებულებებს და დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

საქართველოს აქვს ძალიან მდიდარი ისტორია, ქართული ენა, უნიკალური დამწერლობა, სარწმუნოება, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. სწორედ ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და, რა თქმა უნდა, ღირსების პატივისცემით გვინდა ჩვენი ქვეყანა ხვალ ევროპაში შევიყვანოთ. ეს უდავოა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასე იქნება, რადგან სწორედ ღირსებაა, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო და რითაც მრავალ ტანჯვას, მრავალ განსაცდელს გავუძელით.

გვახსოვს, ჩვენი ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ, თითქოს კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებდით, რეალურად კი, ყველაფერი პირიქით ხდება მეგობრებო.

მოთმინებით  ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და, რა თქმაუნდა, გამჭვირვალობით ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის  წევრობას ძალიან მალე.

წარმოუდგენელია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ისინი, ვინც ამ ქვეყნის განვითარებაში დებდნენ ინვესტიციებს და გულწრფელად ეხმარებოდნენ ჩვენს ქვეყანას, წინააღმდეგნი იყვნენ ამ კანონის. მათ პირველ რიგში ეს ღირებულება თავად დაამკვიდრეს თავიანთ ქვეყნებში და თვითონ აქვთ მსგავსი კანონი მიღებული.

მე მინდა, დღეს მოვუწოდო მათ, შეხედონ რუსთაველის გამზირს. დიახ, დღეს აქ იკრიბება ამაყი ქართველი ერი, რომელიც კიდევ ერთხელ იტყვის თავის სათქმელს - ჩვენ მივდივართ წინ, მივდივართ ევროპისკენ, რა თქმა უნდა, ღირსებით,” - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.