მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში, რაც, შეიძლება, იყოს დადებითი შედეგების მომტანი

ყაველაშვილი

მსურს, ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც, ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სამომავლო, გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

„საქართველო კვლავ მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება, იყოს. მწამს, რომ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა, ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სამაგალითო ურთიერთობების სულისკვეთებით გაგრძელდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.