მიხეილ ყაველაშვილი ალექსანდარ ვუჩიჩს: მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებ ბელგრადში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ ბატონო ალექსანდარ

მიხეილ ყაველაშვილი

მინდა, ბატონ პრეზიდენტს მადლობა გადავუხადო ამ უმშვენიერეს, ჩვენთვის - ქართველებისთვის ძვირფას ქვეყანაში მოწვევისთვის. მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფებ ბელგრადში, სერბეთში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თბილი მასპინძლობა გამიწიეთ ბატონო ალექსანდარ, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში ეს პრეზიდენტის დონეზე პირველი ვიზიტია.

„ეს ურთიერთობები, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ, კიდევ უფრო მეტად მჭიდრო უნდა გავხადოთ თქვენ ახსენეთ, რომ იგეგმება კომისიის შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ორივე ქვეყნისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. ჩვენ ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაში ურთიერთობაზე, ახალგაზრდების ურთიერთობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც ორ ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობაში დაუგროვდა.

„აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის გამოცდილება, რომელიც თქვენც დაგიგროვდათ და ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ჩვენმა და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობა დღეს არც თუ ისე სახარბიელოა, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ხშირად აქვთ ჩვენს ქვეყანასთან, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის - სერბეთისთვის.

ჩვენ ვართ მშვიდობიანი ქვეყანა. თვე არ გავა, რომ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო არ ფიგურირებდეს განვითარების კუთხით. ეს ეხება ეკონომიკურ საკითხებს, გამჭვირვალობას, სასამართლო სისტემას და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევრობიუროკრატია იქნება სამართლიანი შთამომავალი იმ ევროპის, რომლის ნაწილიც ჩვენც და სერბი ხალხიც არის, იმიტომ, რომ ევროპა არის ყველა ქვეყნისთვის მიმზიდველი, მისი ისტორია იძლევა იმის შესაძლებლობას და წარმოდგენას, რომ განსხვავებული დამოკიდებულება უნდა იყოს.

ჩვენი სურვილი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, პირველ რიგში ემყარება სწორედ იმ სამართლიან პრინციპს, იმ ღირებულებებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ევროპაში. ამიტომ იმედს ვიქონიებთ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს დაიბრუნებს ევროპა, ევროპელი ხალხი და ისევ გახდება ძლიერი და მიმზიდველი რეგიონი.

ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ. დიალოგი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა წარმოებდეს ევროკავშირთან. და რომლისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. მზად ვართ, ვიყოთ ღია იმისთვის, რომ უფრო მეტი პროგრესი იყოს ჩვენს და ევროპულ ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.