მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არის ევროკავშირის და არა საქართველოს პრეროგატივა. აბსურდულია, საქართველოს დააბრალო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება

მაკა ბოჭორიშვილი

ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

იგი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს გამოეხმაურა.

„ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა არის ევროკავშირის და არა საქართველოს პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, აბსურდულია, საქართველოს დააბრალო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ევროკავშირის ხელშია ყველა ინსტრუმენტი, რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოებას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. რაც შეხება თავად პროგრამებს, არაერთხელ გავიგეთ, მოვისმინეთ ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ დასჯის ერთ-ერთი მექანიზმი იქნებოდა საქართველოსთან სხვადასხვა პროგრამის შეჩერება. ეს გადაწყვეტილებაც კარგა ხნის წინ არის მიღებული, თუმცა საკითხის აქტუალიზაციისთვის, კიდევ ერთხელ პოლიტიკურ დღის წესრიგში დასაყენებლად ვხედავთ, რომ პერიოდულად ხდება დაბრუნება ამ საკითხზე, ეტაპობრივად გამოცხადება ამა თუ იმ პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის სამწუხაროა ეს მოცემულობა. ეს არ არის, რისკენაც ისწრაფვის საქართველო და საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მოცემულობა, რომელიც, როგორც წერილშივეა განმარტებული, ეფუძნება ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროა, თავდაყირა აყენებს მთელ იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე. ევროკავშირის ელჩი ხაზგასმით, კონკრეტული ვადის მითითებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად.