მაია ბითაძემ თბილისის ადგილობრივი განვითარების რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მაია ბითაძე

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში (TBILISI RFSD) სახელწოდებით - „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან თავის გამოსვლაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონში ეკონომიკური სიახლეებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითის გაზიარების მხრივ დედაქალაქზე გაამახვილა ყურადღება.

„გზა, რომელიც თბილისმა გაიარა საბჭოთა კავშირის ნგრევიდან დღემდე, გზა, რომელიც თბილისმა გაიარა 2008 წლიდან დღემდე, ნათლად აჩვენებს თუ რა შესაძლებლობებს შეიძლება გვაძლევდეს ძალისხმევა, ქვეყნისადმი სიყვარული და სწორი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური ხედვა, რასაც ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში ატარებს. თბილისი დღეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას ქალაქი სწორი გეგმარების, სწორი გააზრების, ურბანული, სატრანსპორტო, გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და გამოწვევების სხვადასხვა მიმართულებების ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში მშვიდობის მნიშვნელობაზე და მდგრადი განვითარების კუთხით პარლამენტის როლზე ისაუბრა.

„ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საკანონმდებლო აქტი მივიღეთ, რომელიც ხელს უწყობს, როგორც თბილისის, ასევე სხვა ქალაქების მდგრად, ინკლუზიურ განვითარებას. იმ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, მშვიდობა ეს ის სიტყვა არ არის, რომელსაც ჩვენ ხუმრობით მოვიხსენიებთ. მშვიდობა ეს ის საშუალებაა, რომელიც აძლევს როგორც ჩვენს დედაქალაქს და ზოგადად ქვეყანას, ასევე რეგიონს საშუალებას განვითარდეს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არა მხოლოდ გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან, არამედ გარდაუვალი კლიმატური ცვლილებებიდან მოდის. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და ჯანსაღი საარსებო გარემო“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელის პრეზიდენტმა ჯეფრი საქსიმ.

ღონისძიება, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება.

ფორუმზე განიხილავენ ისეთი თემებს, როგორიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნეს სექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.