ლევან მახაშვილი: პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ფაქტორია, ვინ გადაიხდის გირაოს და ვინ - არა, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარით ამ ადამიანებმა კანონი დაარღვიეს

ლევან მახაშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარით საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს.

მახაშვილის თქმით, კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებულ გირაოს ვინ გადაიხდის და ვინ – არა, ესეც პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ფაქტორია.

„ვიღაცას აქვს ამბიცია, რომ გმირობა ითამაშოს, ვიღაცას ამის არც ამბიცია და არც შესაძლებლობა არ აქვს. ვიღაცა მიიჩნევს, რომ იმ ნაბიჯით უფრო მეტს მოიგებს, თუ ციხეში წავა, ვიღაცისთვის ეს მისაღები არ არის. ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშია. გირაოს ვინ გადაიხდის და ვინ – არა, ესეც პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ფაქტორია. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ადამიანებმა კანონი დაარღვიეს და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს, როცა დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს. დანარჩენი დანაშაულისა და უპატივცემულობის გამოვლინებაა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.