ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში

ლევან მაჭავარიანი

სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ ომში ჩართვაზე ვერ დაითანხმეს, საქართველოში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება გადაწყვიტეს.

„ვინმემ გვითხრას წელთაღრიცხვა როდის დაიწყო ამ ევროპულ კურსზე გადახვევის?! ამას დიდი პრეისტორია აქვს. 2021 წელზე უნდა დავბრუნდეთ. როდესაც უკრაინაში ომი იწყებოდა, ამაზე ინფორმაცია ყველას ჰქონდა და მათ შორის ჩვენც ორი წლით ადრე. ევრობიუროკრატები, „გლობალური ომის პარტია“ და იმდროინდელი აშშ-ის ადმინისტრაცია ფსონს „ქართულ ოცნებაზე“ ასე ბრმად ვერ დებდნენ რომ მეორე ფრონტად გამოვადგებოდით და ამ თამაშში წავყვებოდით იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გამოცდილები არ ვყავდით.

2021 წლიდან იწყება ეს ყველაფერი, როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს მიხეილ სააკაშვილი რომ თავი გადაეზღვიათ, აქ მომხდარიყო რევოლუცია, სააკაშვილი გასულიყო თავის მომხრეებთან რუსთაველის გამზირზე. სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში. ეს იყო უზარმაზარი თავის ტკივილი რუსეთისთვის. ეს არის [რუსეთ-უკრაინის ომი] პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რასაც ვბედავდით და ვამბობდით. დღეს ეს გამომჟღავნდა. ნატო-ში ამერიკის ელჩი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიგონად გამოვიყენეთ უკრაინა, რომ გამოგვეცადა ჩვენი იარაღიო. სამწუხაროდ უკრაინა გაწირეს.

როდესაც ვერ დაგვითანხმეს ომში ჩართვაზე, გადაწყვიტეს საქართველოში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება. უამრავი ტურბულენტობა გავიარეთ და ეს იყო მთლიანად ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი. მჭიდში რამდენი ტყვიაც ჰქონდათ, ნელ-ნელა იხარჯებოდა ამ შანტაჟის და ხელოვნური აჟიოტაჟის კუთხით“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.