კვლევა არ სჭირდება, ყოველდღიურად მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები და ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს - კახა კალაძე

კახა კალაძე

ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა  მედიასთან ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კომპანია GORBI-მ ჩაატარა.

მისივე შეფასებით, მმართველი პარტიის გაზრდილი რეიტინგი უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების გარე ძალებისგან მართვას და მათ მოღალატეობრივ ქმედებებს.

„ამას კვლევა არ სჭირდება, ყოველდღიურად მაქვს მოსახლოებასთან შეხვედრები. ვგრძნობ იმ მხარდაჭერას, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. პირდაპირ ვიტყვი - ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, იცავს ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის მომავალს. ადამიანები კარგად ხედავენ, როგორ იმართება შიდა აგენტურა გარე ძალებისგან. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, მზად არიან, ყველაფერზე წავიდნენ ქვეყნის, ხალხის წინააღმდეგ. ასეთ პოლიტიკურ ძალებს და პოლიტიკოსებს მომავალი არ და ვერ ექნება ამ ქვეყანაში. ამიტომ არის გაზრდილი „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ხალხი ხედავს, რომ ერთადერთი ძალა ვართ, ვინც ინარჩუნებს ქვეყანაში მშვიდობას და ახდენს ეკონომიკურ განვითარებას,  მიუხედავად ცილისწამებისა, შეურაცხყოფისა და ზეწოლისა“, - განაცხადა კახა კალაძემ.