ხელაძე კოსის განცხადებაზე: მაღალი თანამდებობის ბიუროკრატის მხრიდან მოვისმინეთ აღიარება, რომ ისინი კანონის გვერდის ავლით ცდილობენ დააფინანსონ ის აგენტურა, რომლებსაც თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ საქართველოში ამუშავებენ

ირაკლი ხელაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება „დღის ქრონიკაში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებით მან სამოქალაქო საზოგადოებას გზავნილი მიაწოდა.

„ამ განცხადებას, ალბათ, სამოქალაქო საზოგადოებისთვის იმედის მომცემი ხასიათი ჰქონდა, რომ მათი პატრონები გარედან ცდილობენ ყველანაირი საშუალება მონახონ იმისთვის, რომ ფული მოიტანონ ამ ადამიანებამდე, რომელიც მერე ქვეყნის არევისა და რევოლუციის მცდელობებს უნდა მოხმარდეს.

ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ევროპელი, მაღალი თანამდებობის ბიუროკრატის მხრიდან პირდაპირ მოვისმინეთ იმის აღიარება, რომ ისინი კანონის გვერდის ავლით ცდილობენ დააფინანსონ ის აგენტურა, რომლებსაც თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ ამუშავებენ საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.

მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ გადაურიცხოს ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ის არ დააზიანოს.