კანონის ძირითადი იდეა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იქნება ძლიერი და რეალური ვერსად - ვერც თბილისში, ვერც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, როგორც ბიზნესმენი, მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას - ბიზნესმენი დიმიტრი ნაფეტვარიძე

დიმიტრი ნაფეტვარიძე

"მინდა გამოვეხმაურო პარლამენტში ინიცირებულ კანონს და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს. 
ჩანს, რომ კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არის მცდელობა კლიშეებით და ლოზუნგებით მოხდეს მსჯელობის ჩახშობა, არგუმენტებისთვის სივრცის დახურვა, მაშინ როდესაც ევროპა პირველ რიგში, ჯანსაღი დისკუსია და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენაა" - წერს ბიზნესმენი, "შპს ოკკასიო ნოვას" დირექტორი დიმიტრი ნაფეტვარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, კანონის ძირითადი იდეა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა, რის გარეშეც დემოკრატია ძლიერი ვერსად იქნება. ბიზნესმენის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია უმთავრესი მონაპოვრის - მშვიდობის და სტაბილური განვითარების დაცვა.

ნაფეტვარიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოში დღეს შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის და ფინანსური სადამსჯელო ოპერაციებისგან დაცულ გარემოში.

"მინდა გამოვეხმაურო პარლამენტში ინიცირებულ კანონს და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს. 
ჩანს, რომ კანონის მოწინააღმდეგეთა მხრიდან არის მცდელობა კლიშეებით და ლოზუნგებით მოხდეს მსჯელობის ჩახშობა, არგუმენტებისთვის სივრცის დახურვა, მაშინ როდესაც ევროპა პირველ რიგში, ჯანსაღი დისკუსია და ერთმანეთის მოსაზრებების მოსმენაა. თუ რაციონალური ნიადაგი გამოეცალა ჩვენს პოზიციებს და მხოლოდ სიძულვილი დარჩა, ეს ხელს შეუწყობს ნგრევას, მაგრამ აღმშენებლობისთვის უვარგისი იქნება. 

მეორე და მთავარი - კანონის ძირითადი იდეა არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რის გარეშეც დემოკრატია ვერ იქნება ძლიერი და რეალური ვერსად - ვერც თბილისში, ვერც ბრიუსელში ან ვაშინგტონში. როგორც ბიზნესმენი, მხარს ვუჭერ გამჭვირვალობას, მიმაჩნია, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ, თუ რა რესურსები და ინტერესები მონაწილეობს მათი ქვეყნის პოლიტიკაში. ინფორმირებული მოქალაქეები იღებენ უფრო სწორ გადაწყვეტილებებს.

და მესამე - ვეთანხმები აქამდე გაკეთებულ არაერთგზის შეფასებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რომ საქართველო მიდის სწორი მიმართულებით. როგორც ბიზნესმენს, მიმაჩნია, რომ დღეს ბიზნესი არის თავისუფალი და საკუთრების უფლება ქვეყანაში დაცულია.

მიმდინარე დროში ყველა ვადევნებთ თვალს მსოფლიოში დიდ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ ძვრებს, რაც ასევე დიდ მეტანარატივთა შეტაკების პარალელურად მიმდინარეობს, რომლის შედეგად სამყარო აღარ იქნება უწინდელი და მხოლოდ ერთობით, ეროვნული და პროგრესული ძალების მობილიზებით, მუხლჩაუხრელი შრომით შევძლებთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას და ახალი რეალობის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებას.

ევროპული სივრცე ჩვენი ისტორიული არჩევანი და გარდაუვალი სამყოფელია. აუცილებელია ევროპაში დაგროვილ ცოდნასთან ზიარება, ფინანსებთან წვდომა, შრომის და საქმის წარმოების მათეული გამოცდილების გაზიარება. გარდა მაგისა ყველას მოგეხსენებათ ევროპა პირველ რიგში არის იდეა, ფასეულობათა სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემას, სხვისი სიცოცხლის, თავისუფლების, ქონების ხელშეუხებლობას, საწინააღმდეგო აზრის პატივისცემას გულისხმობს. ევროპისკენ სავალ გზაზე მშვიდობა და გონიერება გვჭირდება.
ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის და მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, ჩვენი უმთავრესი მონაპოვრის, მშვიდობის და სტაბილური განვითარების დაცვა და მოფრთხილება. საქართველოში დღეს შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობა, სახელმწიფოს მხრიდან რეკეტის და ფინანსური სადამსჯელო ოპერაციებისგან დაცულ გარემოში.

მივესალმები პრემიერ მინისტრის ინიციატივებს ახალი ტენოლოგიების დანერგვის თაობაზე - მეტი პროგრესი დაგვეხმარება ეკონომიკის გაზრდასა და კიდევ უფრო გაჯანსაღებაში. წარმატებები საქართველოს!" - წერს დიმიტრი ნაფეტვარიძე.