„მოსალოდნელია თოვლი, ტემპერატურა -7°-მდე დაეცემა...“ - ამინდი უარესდება
1761767088
ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. 1 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ და იმ დაპირებებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ ჟღერდებოდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა სამი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე კითხვის პასუხად.
კალაძის თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ.
„საუბარია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს და გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, უგულებელყოფენ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან, ზოგადად, სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. შენ როცა იმართები გარედან, ასრულებ გარე მითითებებს, საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის მომავალი, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ვერ იქნება ქვეყანაში. პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, შემიძლია, ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ – იგივე უკრაინაში მოხდა პარტიების გაუქმება, იგივე მოლოდვის მაგალითი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ საიდან იმართება. როდესაც იმართები გარედან და ახორციელებ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა პარტიების აკრძალვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების გზით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.
„2028 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და რა მიზანი ექნება „ქართულ ოცნებას“, საზოგადოება გაიგებს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, გამჭვირვალედ ვიქცევით და ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. დღეს ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს გაეცეს ღირსეული პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძე გამოეხმაურა ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეფასებებს და განაცხადა, რომ ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.
„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის მაგალითია. ჩვენ შეგვიძლია, მოვიყვანოთ სხვადასხვა ქვეყანა, სადაც მოხდა პარტიების გაუქმება. საერთოდ არ არის საინტერესო ევროპარლამენტარები, ორმაგი სტანდარტების პრინციპებია. არ მომისმენია არცერთი განცხადება, როდესაც, მაგალითად, მოლდოვის არჩევნების წინ ტელევიზიები, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს. არ მომისმენია განცხადება, როდესაც უკრაინაში პოლიტიკური პარტიები გააუქმეს. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია – მათ რაც აწყობთ, ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის საინტერესო, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც, ძირითადად, სიცრუესა და ტყუილზეა დაფუძნებულია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი მოამზადეს, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.