ირანის საგარეო მინისტრის მოადგილე - აშშ-მა, ახალი მოლაპარაკებების დაწყებამდე, ირანზე დარტყმები უნდა გამორიცხოს

ნკ

აშშ-მა ირანზე შემდგომი დარტყმები უნდა გამორიცხოს, თუ მას დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება სურს, - ამის შესახებ თეირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შუამავლების მეშვეობით ირანს განუცხადა, რომ სურს მოლაპარაკებებში დაბრუნება, მაგრამ არ გამოუხატავს თავისი პოზიცია შემდგომი თავდასხმების ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

„ამჟამად ჩვენ ვეძებთ პასუხს ამ კითხვაზე: ვიხილავთ თუ არა აგრესიის აქტის გამეორებას დიალოგის დროს? აშშ-მა საკმაოდ ნათლად უნდა განმარტოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და რას გვთავაზობენ იმისთვის, რომ ასეთი დიალოგისთვის საჭირო ნდობა შეიქმნას“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ირანმა, ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში, თავისი ბირთვული პროგრამის გადახედვა განიხილოს სანქციების შემსუბუქებისა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ, ტახტ-რავანჩიმ უპასუხა: „რატომ უნდა დავეთანხმოთ ასეთ წინადადებას?“

მისი მტკიცებით, ირანის პროგრამა, მათ შორის ურანის 60%-მდე გამდიდრება, „მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“.

შეგახსენებთ, ისრაელის სამხედრო ოპერაციამ, რომელიც ირანში 13 ივნისის გამთენიისას დაიწყო, ორი დღის შემდეგ მასკატში დაგეგმილი არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი ჩაშალა. გასულ შაბათ-კვირას, აშშ პირდაპირ ჩაერთო ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში როდესაც ირანში სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.