ირაკლი ზარქუა: ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქცია დაგვეწესებინა და თვითონ თურმე, ევროკავშირის ლიდერების მეუღლეები და ოჯახის წევრები დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან. ეს არის ორმაგი სტანდარტი და არ გავუტარებთ. ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ინტერესებს

ირაკლი ზარქუა

ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქცია დაგვეწესებინა და თვითონ თურმე, ევროკავშირის ლიდერების მეუღლეები და ოჯახის წევრები დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან. ეს არის ორმაგი სტანდარტი და არ გავუტარებთ. ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, ევრობუროკრატია მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და ეს თვალსაჩინოა, ვინაიდან რაც არის მისაღები მათი ქვეყნებისთვის, რატომღაც დაუშვებელია საქართველოში.

„ხომ ვიცით ევრობიუროკრატების დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ვერ გვპატიობენ იმას, რომ ჩვენ, ღირსებით დავიცავით ქართული ინტერესები. ვერ გვპატიობენ იმას, რომ რადიკალებს არ მივეცით უფლება, რომ ცეცხლის ალში გაეხვიათ დედაქალაქი. ვერ გვპატიობენ იმას, რომ ჩვენ არ ჩამოგვენგრია ეკონომიკა. თვითონ დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან. აქამდე ჩვენ მოგვიწოდებდნენ სანქცია დაგვეწესებინა, თვითონ თურმე ევროკავშირის ლიდერების მეუღლეები და ოჯახის წევრები დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან. აი, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ამას არ გავუტარებთ. ბოლომდე დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. ჩვენი ინტერესია, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ეკონომიკურ განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებული და ასევე, ღირსებით ევროინტეგრაცია და არა ცალფეხზე დგომა, როგორც აქაურმა აგენტურამ ჩვენ შემოგვითვალა მათი დაკვეთა.

ვინც რაც არ უნდა თქვას ევრობიუროკრატმა, ვერ გააშავებენ ჩვენს ქვეყანას. პროცესი დაწყებულია, ევროკავშირში მოდიან ახალი ძალები და ზუსტად ვიცით, რომ რამდენიმე წელიწადში განსხვავებულ ევროკავშირს მივიღებთ - განსხვავებულს მიდგომებით და ნამდვილად ევროპული ღირებულებებით. და არა ისე, ორმაგი სტანდარტი რომ არის. თურმე ჩვენ არ გვაქვს დემოკრატია. დღეს, ერთ საათში შეგიძლია ტელევიზია გახსნა. დღეს ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია დაუსაბუთებლად გვაკრიტიკოს, გვლანძღოს. გაგვლახოს კიდეც თურმე და ამაზე ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ, ხომ?! დღეს ნებისმიერ რადიკალს შეუძლია ცეცხლის ალში გახვიოს პარლამენტის შენობა და ჩვენ ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ, ხომ?! საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. ვნახეთ საფრანგეთში როგორ უსწორდებიან რადიკალებს. იგივე ვნახეთ ბრიუსელშიც. კარგად ვნახეთ გერმანიაში, როდესაც ერთმა აქტივისტმა უბრალოდ „ფეისბუქ პოსტი“ დაწერა და იმაზე დაიჭირეს. და იმას, რასაც ჩვენი უსამშობლოები და რადიკალები სჩადიან და აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ. ამაზე ჩუმად უნდა ვიყოთ?!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.