ირაკლი რუხაძე „ქართულ ოცნებაზე“: როგორ შეიძლება ძალამ, რომელმაც ასეთი ეკონომიკური ზრდა ანახა, ომი ააცილა ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატი გახადა, არჩევნები წააგოს?!

ირაკლი რუხაძე

მე მაინც მგონია, როგორც ირაკლი რუხაძეს, რომ „ოცნება“ ამას [გამჭვირვალობის კანონს იღებს] აკეთებს არა ამ კანონის გამო, არამედ ოქტომბრისგან იცავს რაღაცნაირად თავს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ დააინიციირა გამჭვირვალობის შესახებ კანონი „ქართულმა ოცნებამ“ ახლა.

„რატომ გამოიტანა ახლა, არ ვიცი. მე ხომ არ ვარ იმის მონაწილე, იქ [პარტიაში] რა ხდება, რა იცის „ოცნებამ“. იმ დღეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ესენი [ხელისუფლების წარმომადგენლები] ყველაფერს ვერ გეუბნებიანო. როგორ გეტყვის?! რატომღაც მიაჩნიათ, რომ სჯობს ახლა მოხდეს ეს შეტაკება, როცა უფლება არ აქვს მეორე მხარეს [ოპოზიციას] თქვას, რომ შენობებს დავწვავ და რასაც მინდა გავაკეთებ, რა უფლებაც მიეცემათ მაშინ, როდესაც იტყვიან, არჩევნები გააყალბაო [„ქართულმა ოცნებამ“]. შენ თუ ხარ „ქართული ოცნება“ და გეშინია, რომ ხალხი აგირჩევს, მაგრამ ხმებს გადაგითვლის ISFED-ი არასწორად, რომელსაც ამოუდგებიან გვერდში მთელი დათვების და ჩხიკვების დამცველი „ენჯეოები“, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, მერე დასავლეთი რას იტყვის, ეს იქნება მთავარი.

მერე თუ აღმოჩნდება, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა, ხალხი გამოვა ქუჩაში და იტყვის, რომ ახლა უფლება მაქვს შენობაც ავიღო, დავწვა კიდეც და ყველაფერი, რადგან ხმა მომპარესო. ახლა ამას ვერ იძახიან, რადგან „ოცნებას“ აბსოლუტური უფლება აქვს, ხალხმა აირჩია და 51%-ით შეუძლია ეს [გამჭვირვალობის შესახებ] კანონი მიიღოს. მე ასეთი ეჭვი მაქვს, რომ ამის რეპეტიციას გადიან, რადგან იქ [ოქტომბერში] რომ გაიარონ, მერე უფრო რთული იქნება. მე მაინც მგონია, როგორც ირაკლი რუხაძეს, რომ „ოცნება“ ამას [გამჭვირვალობის კანონს იღებს] აკეთებს არა ამ კანონის გამო, არამედ ოქტომბრისგან იცავს რაღაცნაირად თავს“, - აღნიშნა რუხაძემ.

„ყველას ჰგონია, რომ „ოცნება“ არის დაუმარცხებელი. მთავარი ელჩებიდან დაწყებული, ჩემთვის ნათქვამი აქვთ, რომ დაუმარცხებელიაო. როგორ შეიძლება ძალამ, რომელმაც ასეთი ეკონომიკური ზრდა ანახა, ომი ააცილა ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატი გახადა, როგორ შეიძლება არჩევნები წააგოს?! ერთი წელი არ გასულა [ევროკავშირის] კანდიდატობიდან, როგორ შეიძლება არჩევნები წააგონ, ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის გამო?!“ - აღნიშნა რუხაძემ.