ირაკლი როსტომაშვილი: მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა? მესაკუთრეების თანხმობის გარეშე იქ სამუშაოებს, ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს

მანია

,,მენაშენეთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების პრობლემის გადაჭრას ხშირ შემთხვევაში თავად მოსახლეობა აფერხებს. ამის შესახებ ირაკლი როსტომაშვილმა “ ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“თბილისი ავარიული ქალაქია. მსგავსი ავარიული ქალაქი, მე არც მინახავს. ეს არის კომუნისტებამდელი მემკვიდრეობა, რომელსაც მართვა სჭირდება. გასაკეთებელია ინვენტარიზაცია, ყველა შენობის ტექნიკური დათვალიერება… უდიდესი პრობლემაა, როცა მოსახლეობა არ თანხმდება გამოსვლაზე. საკრებულოში ეგ კანონი მისაღებია. მაგალითად, მაგ შენობის მეზობლად, ფიროსმანის 39 ნომერში, საშინელი მდგომარეობაა, ამ დროს შეიძლება ერთი ვინმე გამოდგეს, რომელიც არც ცხოვრობდეს საქართველოში და ელოდება ჯეკ პოტის მოხსნას, რომ ვიღაც გამოჩნდეს და ერთოთახიანის სანაცვლოდ 10-ოთახიანი მისცეს.

რომც მოხდეს დღეს ჩამონგრეული შენობის რეკონსტრუქცია, ის აუცილებლად უნდა დაიცალოს და ის, რომ არ თანხმდება მოსახლეობა შენობის დაცლას, ეს უდიდესი პრობლემაა. ისტორიულ ზონებში არის მე-3, მე-4 კატეგორიის ავარიული შენობები, რომლებიც არის უფლებრივი საკუთრება და, მესაკუთრეების თანხმობის გარეშე, იქ სამუშაოებს ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს.

როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, არ შეიძლება სენტიმენტები. 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ, პუშკინის 1-ელი ნომერი იყო დაზიანებული, იქ ქალბატონი ყიდდა მზესუმზირას და არ გამოდიოდა. პოლიციის უფროსი შევარდა, დაავლო ხელი მას და გამოიყვანა, რის შემდეგაც იქაურობა ჩამოინგრა. მანამდე ჟურნალისტებიც ამბობდნენ, აბა, რა ქნას ამ ქალმა, შვილებს რა აჭამოს. როცა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, მსგავსი სენტიმენტები არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, იქ რომ შემოღობვა დაიწყოს, შეიკრიბება მოსახლეობა, აბა, ჩვენ რა ვქნათ და ა.შ. ამას უნდა ცივი გონება. მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა?" - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.