1762277104
ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: არ ეგუებიან იმას, რომ ისინი არიან ამ პროექტის ჩამგდებები და უნდათ, საქართველოს გადაახდევინონ ჩავარდნილი პროექტის საფასური
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბიზნესპარტნიორს, ბობ მეიერს ჯამში ექვსი მილიონ 800 ათასი დოლარი გადაურიცხეს, მას შემდეგ, რაც მეიერმა ვაშინგტონში ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავა წააგო და საერთაშორისო არბიტრაჟმა მას საქართველოსთვის 6 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
ქადაგიშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს სურთ, ჩავარდნილი პროექტის საფასური საქართველოს გადაახდევინონ.
„ისინი არ ეგუებიან იმას, რომ ისინი არიან ამ პროექტის ჩამგდებები და უნდათ, მაქსიმალურად, საქართველოს გადაახდევინონ ჩავარდნილი პროექტის საფასური. მიუხედავადა იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა ეტაპზე - ჯერ კიდევ ტენდერის გამოცხადების, მიმდინარეობის პერიოდშიც და შემდგომშიც ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინა კონსორციუმს, მაგრამ მათ ვერც ერთ ჯერზე ვერ შეძლეს აღებული პირობების შესრულება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
უკვე მეორე დღეა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კომენტარს არ აკეთებენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მათ ბიზნესპარტნიორს, ბობ მეიერს ჯამში ექვსი მილიონ 800 ათასი დოლარი გადაურიცხეს, მას შემდეგ, რაც მეიერმა ვაშინგტონში ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავა წააგო და საერთაშორისო არბიტრაჟმა მას საქართველოსთვის 6 მილიონ 500 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ბობ მეიერი ფიქტიური მოსარჩელე იყო და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სარჩელის უკან ხაზარაძე-ჯაფარიძე იდგნენ.









