ირაკლი კობახიძე: ოთხი წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება, რაც უზრუნველყოფს სიღარიბის მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას

ირაკლი კობახიძე

გასული ოთხი წლის განმავლობაში და უკვე მეხუთე წელია, საქართველოს აღენიშნება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე საქართველოში.

„პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი – 9.4%, თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ქვეყანაში. ეს ინდექსი, რეიტინგი მეტყველებს, რომ წინსვლა არის შთამბეჭდავი, თუმცა არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით, რაც უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.