ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა, როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა, როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე დადგნენ მაღალი ფასების მხარეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, მათ ინტერესებშია, რომ მოქალაქეებს დაუმძიმდეთ სოციალური მდგომარეობა, რასაც ვერ მალავენ.

„აქედან ჩანს, რომ რასაც აკეთებენ, ყველაფერი ფარისევლობაა, სინამდვილეში, მათ აქვს სხვა ინტერესები. მათ ინტერესებშია, რომ მოქალაქეებს დაუმძიმდეთ სოციალური მდგომარეობა, რასაც ვერ მალავენ. როგორც კი წამოვჭერით საკითხი, მაშინვე ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა დადგა მაღალი ფასების მხარეს და ფასნამატის მხარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ბერკეტებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დადგენის პრაქტიკა.

„მაგალითად, ფარმაცევტული მიმართულებით, გერმანიაში ქსელების არსებობა საერთოდ არ არის დაშვებული. ერთი კონკრეტული სუბიექტის მიერ ერთ ქალაქში ერთზე მეტი აფთიაქის ფუნქციონირება საერთოდ არ არის დაშვებული. აქ არ არის საუბარი უხეშ ჩარევაზე ბიზნესში, აქ არის საუბარი იმაზე, რომ თუ არსებობს კარტელური გარიგებები, ჩვენ უნდა შევქმნათ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ასეთი კარტელური გარიგებების აღსაკვეთად. ბიზნესის რეკეტი ვისი ხელწერაც არის, ყველას კარგად ახსოვს. ჩვენი ხელწერა ეს არ არის. ჩვენ ბიზნესში უხეშად ვერ ჩავერევით. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები უნდა იყოს განმსაზღვრელი ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, თუ არსებობს კარტელები, კარტელური გარიგებები, ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო, თუ სხვა ფორმით რეაგირება“, - განაცხადა პრემიერმა.