ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, სამწუხაროდ, დემოგრაფიული თვალსაზრისით გვაქვს განსხვავებული ვითარება, დემოგრაფია ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს

ირაკლი კობახიძე

ეკონომიკის ზრდა არ არის ფაქტორი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, არც მხოლოდ ფინანსური და მატერიალური ტიპის ჩარევები არ არის საკმარისი, ეს ყველაფერი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.

მისივე თქმით, დემოგრაფია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

„დემოგრაფია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, სამწუხაროდ, დემოგრაფიული თვალსაზრისით გვაქვს განსხვავებული ვითარება, რაშიც თავისი ლოგიკაც არის - რეალურად, დემოგრაფიული ზრდა და ეკონომიკური პროგრესი ერთმანეთთან არ არის ხოლმე თანხვედრაში, პირიქით - არსებობს საპირისპირო სტატისტიკაც. რაც უფრო მეტია სიღარიბე, მსოფლიოს ამა თუ იმ კუთხეში, პირიქით, მაღალია ხოლმე, როგორც წესი, დემოგრაფიული მაჩვენებლები. მაგალითად, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ღაზას სექტორი შობადობის თვალსაზრისით. ერთ ქალზე საშუალოდ მოდის 8 ბავშვი, ამ დროს ღაზას სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კუთხე მსოფლიოში. ანუ, სამწუხაროდ, არის საპირისპირო კორელაცია. აქედან გამომდინარე, გამოწვევა არის განსაკუთრებული. ეკონომიკის ზრდა არ არის ფაქტორი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და არც მხოლოდ ფინანსური და მატერიალური ტიპის ჩარევები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში. მე შემოგთავაზებთ, შევიკრიბოთ დემოგრაფიის კომისიის ფორმატში და ყველა საკითხში ვიმსჯელოთ კომპლექსურად. განვიხილოთ როგორც ფინანსური, ისე იდეოლოგიური საკითხები. ბევრი რამ უკავშირდება დემოგრაფიულ განვითარებას. პატრიარქის ინიციატივამ, წლების განმავლობაში, ძალიან სერიოზული პროგრესი მოგვიტანა დემოგრაფიის კუთხით. ეს არ იყო მატერიალური ინიციატივა, ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენად კომპლექსური უნდა იყოს მიდგომა დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით. მზად ვართ კონსულტაციებისთვის ამ საკითხის შესახებ. ნახსენები იყო იპოთეკური მხარდაჭერის პროგრამა, რითაც საკმაოდ ბევრმა თანამოქალაქემ ისარგებლა. წელიწადში, 1 800 ოჯახი სარგებლობდა საშუალოდ ამ პროგრამით, მთლიანობაში ისარგებლა 7 500-ზე მეტმა ოჯახმა, სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 100 მლნ ლარი. რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივებიც არის მნიშვნელოვანი. ყველა საკითხი განვიხილოთ კომპლექსურად, როგორც ფინანსური, მატერიალური მხარდაჭერის საკითხები, ასევე ნებისმიერი სხვა შესაძლო ინიციატივა. მთავარი პრობლემაა შობადობის დაბალი მაჩვენებელი. სამწუხაროდ, შარშანაც შობადობა არ აჭარბებდა გარდაცვალების მაჩვენებელს, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტენდენცია შემოვაბრუნოთ. რაც შეეხება მიგრაციას, შარშანდელი წელი იყო პირველი წელი, კოვიდის შემდეგ, როცა დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო საქართველოს მოქალაქეების ნაწილში. წინა წლებში აქაც გვქონდა უარყოფითი სალდო და აქაც არის ინიციატივები საჭირო. ეს საკითხები კომპლექსურად უნდა განვიხილოთ კომისიის ფარგლებში“, - აღნიშნა პრემიერმა.