ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბერს ჩვენ გადავწყვიტეთ სპეცრაზმის მობილიზება ყველა შენობის შიგნით, როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ სპეცრაზმი

 ირაკლი კობახიძე

4  ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი – ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის განმარტებით, ჩარევა უნდა მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები გადავიდოდნენ ძალადობაზე.

„ჩვენ გვქონდა საერთო მიდგომა, რომ ყველა შენობაში შიგნით უნდა ყოფილიყვნენ მობილიზებული სპეცრაზმის წარმომადგენლები და ჩარევა უნდა მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეები გადავიდოდნენ ძალადობაზე. ისინი გადავიდნენ ძალადობაზე და ძალადობის პირველი აქტი იყო ღობის მორღვევა. როგორც კი ღობე მოარღვიეს, ჯერ ჩაერია სახელმწიფო დაცვის სამსახური და მერე მაშინვე გაამაგრა სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური სპეცრაზმმა. ეს იყო მოვლენების განვითარება. ყველაფერი წარიმართა ჩვენი ტაქტიკის შესაბამისად. როგორც კი გადავიდნენ ძალადობაზე აქციის მონაწილეები, მაშინვე ჩაერთო ჯერ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და შემდეგ უკვე სპეცრაზმი.

4  ოქტომბრის ტაქტიკა იყო ასეთი – ჩვენ გადავწყვიტეთ ყველა შენობის შიგნით სპეცრაზმის მობილიზება და არა გარე პერიმეტრზე. ეს იყო ჩვენი ტაქტიკა. როცა სპეცრაზმი გარეთ არის გამოყვანილი, ამან შეიძლება წაახალისოს ძალადობა, ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა ტაქტიკა. ჩვენ ავირჩიეთ ტაქტიკა, ყველა შენობაში შიგნით იყო განლაგებული სპეცრაზმი და როდესაც აქციის კონკრეტული  მონაწილეები გადავიდნენ  ძალადობაზე პრეზიდენტის სასახლესთან, მაშინვე ჩაერთო სპეცრაზმი საქმეში“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 4 ოქტომბერს ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე.

„4 ოქტომბერს იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, ეს სტანდარტი ყველამ ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, იგივეა ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები როდესაც კეტავენ ქუჩას, მნიშვნელობა არ აქვს 50 კეტავს და 50 ტროტუარზეა, თუ პირიქით, ყველა არის უკანონობის თანამონაწილე. იგივე ეხება ძალადობასაც, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე, აქედან გამომდინარე, სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე“, – განაცხადა პრემიერმა.