„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის საპასუხოდ, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია, მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება.
„სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ყოველდღიურად თვალს ადევნებს რადიკალური ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებადი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ კარგად ორგანიზებულ ზიზღისა და ტერორის კამპანიას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ორგანიზებული ტერორის უკიდურესი ფორმები უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების, უცხოელი დონორების და რიგ შემთხვევებში პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერაა წახალისებული.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის მიერ, ყველა პოლიტიკურ დონეზე, არაერთი მაღალი ტრიბუნიდან არაერთხელ გაკეთდა მოწოდება შესაბამისი დონორებისა და კონკრეტული საელჩოების მიმართ, მკაცრად დაგმობილიყო ორგანიზებული ტერორის კამპანია, პასუხად ცინიზმი და ექსტრემიზმის წახალისება მივიღეთ. შედეგად, აღარ არსებობს ზღვარი სიტყვიერ კრიტიკასა და სისტემურ სიძულვილს შორის, რისი მიზანიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის და მისი ძირითადი ინსტიტუტების სტაბილურობის შერყევაა.
ამის პასუხად ჩვენი გუნდის პოზიცია იყო და არის პრინციპული. სიძულვილის ენა – იქნება ეს ორკესტრირებული შეურაცხყოფა, მიზანმიმართული კამპანია თუ პოლიტიკური ძალადობის წახალისება, ვერ იქნება ქართული პოლიტიკის ნაწილი.
უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
შესაბამისად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის საპასუხოდ, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.