იაგო ხვიჩია - პარლამენტში თუ არ შედიხარ, უნდა დადო საპირწონე რევოლუციური გზა, რევოლუციაზე თუ არ მიდიხარ, არც ის ხალხი უნდა დააჭერინო, ვინც ციხეში ზის

„გირჩის“ ლიდერი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი შეცდომაა.

„შენ თუ არ შედიხარ პარლამენტში და ამ გზას ირჩევ, შენ უნდა დადო ამის საპირწონე რევოლუციური გზა, რადგან შენ რევოლუციაზე მიდიხარ. თუ რევოლუციაზე არ მიდიხარ, არც ის ხალხი უნდა დააჭერინო, ვინც ციხეში ზის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, ადამიანების დაკავებასთან დაკავშირებით ცხადია, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა პირველია, მაგრამ პასუხისმგებლობაა მათიც, ვინც ამ ადამიანებს აქეზებდა, თვითონ უკან იდგა და არ ჰქონდა მოფიქრებული, როგორ გამოეყვანა ეს ხალხი ციხიდან.

მე თუ შემეძლო, ჩემი ამომრჩევლისთვის მეთქვა, „ჭკვიანად იყავით, ხალხო, არ ქნათ, წინ არ წახვიდეთ, არ იჩხუბოთ, პოლიციასთან შეტაკებაში არ შეხვიდეთ, დაგიჭერენ, ვერ დაგეხმარებით“, მე თუ შემეძლო ამის თქმა, სხვასაც ხომ შეეძლო? მაგრამ იმისთვის, რომ შენ ასე დაგეგმო სტრატეგია, საჭიროა, დაჯდე, დაილაპარაკო, აუხსნა ერთმანეთს შენი ძლიერი და სუსტი მხარეები, კარტები გახსნა, რომ ერთობლივი ბრძოლა შევძლოთ. სინამდვილეში რა ქნეს, ჰარი-ჰარალოზე უცბად ჩახსნეს მანდატები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობდა და ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით, თუ მათი საქმის გასაკეთებლად მოხდა ის, რომ ის შედეგი, რაც ბიძინამ დადო, 97-3, ასახულიყო პარლამენტში, რადგან იქ ეგეთი შედეგი არ იყო, 54-40 იყო პირობითად. ეს არ აწყობდათ „ქოცებს“, საჭირო იყო უფრო მაღალი შედეგი. ა ბატონო, დაიდო უფრო მაღალი შედეგი, როგორც არის. მკითხეთ, რისი იმედი გაქვსო და მე მაქვს იმედი, რომ ქართველი ხალხი აზრზე მოვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.