გურამ მაჭარაშვილი - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გამჭვირვალობა, თურმე საქართველოში თანხები არ უნდა გაკონტროლდეს, რათა „შავ ფულებში“ აფათურონ ხელი

გურამ მაჭარაშვილი

მერამდენედ შეიძლება, წარმოთქვან ფრაზა, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო, ჩვენ რა გვგონია, ჩამოდიოდნენ საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და საზოგადოებას ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოში შვედეთის საელჩოს განცხადებაზე, სადაც საელჩო აღნიშნავს, რომ შვედეთში უცხოური დაფინანსების შესაფასებლად სპეციალური გამოძიების თავმჯდომარის დანიშვნა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.

„გაცვეთილი ფრაზა მერამდენედ შეიძლება, წარმოთქვან, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო. ეს ისეა, ადამიანს რაიმეს ფაქტზე რომ წაასწრებენ და ამბობს, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათო. ჩვენ რა გვგონია, ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ პირდაპირ ჩამოდიოდნენ საგარეო უწყებების ხელმძღვანელები და საზოგადოებას ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მათთვის აუცილებელია გამჭვირვალობა, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული. თურმე საქართველოში უცხოეთიდან რომ
შემოდის თანხები, არ უნდა გაკონტროლდეს, რომ შვედეთის და სხვა ქვეყნების საელჩოებმა „შავ ფულებში“ ხელი აფათურონ, რათა აქციის მონაწილეებს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაურიგონ? ეს ყველაფერი გაიცვითა. სწორედ ეს აზიანებს ევროკავშირის მიმართ ნდობას და იკლებს ნდობის რეიტინგი. ასეთი ანტიქართული რეზოლუციები როცა ცხვება, ზუსტად ამის საწინააღმდეგოდ არის დაწეული სანდოობა. სამწუხაროდ, შვედეთი „დიფ სთეითის“ სცენარში მარტო არ არის, რომელიც გვეუბნება, ომი დავიწყოთ და ომის მონაწილე გავხდეთ. საბოლოო მიზანი მეორე ფრონტია. პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინაში მშვიდობა მიუღებელია, რადგან შემდეგ რუსეთი ევროპისთვის მოიცლის. ამიტომ, საქართველოში მეორე ფრონტი უნდათ, რადგან მათთვის აღარ მოიცალოს. ამას პირდაპირ ამბობენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, შვედეთის მთავრობამ 2 ივნისს პრესრელიზი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს.