ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
გმირთა მოედანზე მდებარე ესტაკადას გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესი ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკურ შემოწმებას, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასებას მოიცავს.
"სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას, შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში, ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება. მონიტორინგის მიზანია დედაქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება.
"დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ პერიოდში, ღამის საათებში (02:00-დან 06:00-მდე) გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება. მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას", - აღნიშნა კახა კალაძემ.