გიორგი სიორიძე: ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება, მათ შორის არჩევნებში შესვლით, წინააღმდეგობის მოძრაობა და ქუჩის პროტესტი უნდა გაძლიერდეს

გიორგი სიორიძე

წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, მათ შორის ამ არჩევნებში შესვლით, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა, ქუჩის პროტესტი – არის არა ალტერნატივა, არამედ პარალელური პროცესი, რომელიც უნდა გაძლიერდეს. „ჩვენ პოლიტიკურ პარტიას კონკრეტული გზა აქვს არჩეული. ჩვენი მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა ახალი წესებით, ახალი ადმინისტრაციით, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამ ეტაპზე ვხედავთ გზას იმ ბრძოლაში შესვლით, რასაც ჰქვია 4 ოქტომბრის დე ფაქტო არჩევნები. ყოველთვის ვამბობდით, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, მათ შორის ამ არჩევნებში შესვლით. წინააღმდეგობის მოძრაობა, ქუჩის პროტესტი – არის არა ალტერნატივა, არამედ პარალელური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და, რომელიც უნდა გაძლიერდეს. წინააღმდეგობის მოძრაობა არის გასაძლიერებელი, სხვა პარტიებს სხვა ხედვები აქვთ. კარგია ქუჩის პროტესტის და საპროტესტო მოძრაობის ნებისმიერი გაძლიერება. კონკრეტული პარტიის გეგმებზე და იმაზე, თუ საზოგადოება როგორ იქნება კონცენტრირებული 4 ოქტომბერს, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა თავისი გზით ივლის იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვაერთიანებს“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.