გიორგი შარაშიძე: ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება თუ სურს, საკუთარ თავში უნდა გამოძებნოს ძალა, ქვეყანაში რეალური დემოკრატია უზრუნველყოს

გიორგი შარაშიძე​

საქართველოში რომ დემოკრატიული უკუსვლაა, ამაზე ვთანხმდებით, რაც ევროკავშირის გაფართოების ანგარიშშიც აისახა და ყველა ჩვენი პარტნიორი მიუთითებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  უკუსვლაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც არის ანტიდემოკრატიული კანონებისა და ანტირიტორიკული განცხადებების ავტორი.

„დემოკრატიული უკუსვლა გამოიხატება „ოცნების“ რეჟიმის ავტოკრატიაში, ანტიდემოკრატიული კანონების მიღებაში, დემონსტრაციების შეზღუდვაში და ა.შ. თქვენ თქვით, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ჩიხშია შესული. ამაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ „ოცნებას“ აქვს. ბრიუსელი საქართველოსგან რასაც ითხოვს, სხვა არაფერია თუ არა ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დაცვა და თავისუფალი სამართლიანი სასამართლოს უფლება. როცა არც დემოკრატიაა და არც ადამიანის უფლებებია დაცული, ბუნებრივია, საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, ევროკავშირი ავტოკრატიულ რეჟიმთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს. ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება თუ სურს, საკუთარ თავში უნდა გამოძებნოს ძალა, ქვეყანაში რეალური დემოკრატია უზრუნველყოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.