გიორგი შარაშიძე: გერმანიის ელჩი ამა თუ იმ აქციაზე როდესაც მიდის და აქტივისტებთან საუბრობს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ვენის კონვენციის დარღვევასთან

გიორგი შარაშიძე

ხელისუფლება გერმანიის ელჩის წინააღმდეგ რასაც აკეთებს, ეს თავდასხმაა არა მასზე, არამედ გერმანიაზე, რომელსაც ეს ადამიანი საქართველოში წარმოადგენს, – ამის შესახებ პარტიის „გახარიას საქრათველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში განაცხადა.

შარაშიძის თქმით, ეს ადამიანი როცა ამა თუ იმ აქციაზე მიდის და აქტივისტებთან საუბრობს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ვენის კონვენციის დარღვევასთან.

„ელჩის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მას ინფორმაცია ჰქონდეს პირველ წყაროდან, მათ შორის საზოგადოებრივ თემებზე. ის უნდა ხვდებოდეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ნეიტრალური უნდა იყოს. ევროკავშირის პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვაზე დგას. გერმანიის ელჩმა როცა კარგად იცის, რომ ხელისუფლება დემოკრატიული რეჟიმი არ არის და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთმანეთს არ აბალანსებენ, სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ამიტომ, პარტნიორები კანონებში საფრთხეს ხედავენ. ეს ორი კანონი არ არის მთავარი დამაბრკოლებელი. მთავარი დამაბრკოლებელია რეჟიმის ავტოკრატიულობა. გერმანიის ელჩი ამ ორ კანონს თუ აბრალებს, კი, ბატონო, დააბრალოს. ამას ვერ შევაფასებ. ზოგადად, ქვეყანაში არადემოკრატიული და ავტოკრატიული რეჟიმია, მათ შორის ამ კანონების და სხვა კანონების გამოც“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.